თბილისი, 15 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა განცხადება 1 აპრილამდე უნდა წარადგინონ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მერიის მიერ დაწესებული შეღავათები პანდემიის პერიოდში მეწარმეების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას, გაცდენილი პერიოდის ვადის სახით აღდგენასა და სანქცია-საურავების ჩამოწერას გულისხმობს.
„ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ჩემი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ვიწყებთ მის განხორციელებას. ის ითვალისწინებს ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტისთვის მთელი რიგი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. იმ ადამიანებს, ვისაც სურს პროგრამაში ჩართვა, მინდა მივმართო, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა კალაძემ.
შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ.
კორონავირუსის პანდემიამ ბოლო ორ წელიწადში სერიოზული დარტყმა მიაყენა ბიზნეს-კომპანიებს, რომლებმაც შემოსავლების ვარდნის გამო ვერ შეძლეს იჯარის გადახდა და ამიტომ იხურებოდნენ.