კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული უარყოფს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო

მოკლულის ოჯახი აცხადებს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი იყო.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. პროგრამისტი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე უარყოფს, რომ დანაშაული შეკვეთით მოხდა. ამის შესახებ მან დღეს სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის, 22 წლის პროგრამისტის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.
მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელოდება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის, ასევე იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებისთვის.

„შეკვეთილ მკვლელობაზე იყო საუბარი, ეს ასე არ იყო და ეს აბსურდია. ვაღიარე ბრალი და არ მიცდია სასამართლოსთვის თვალებში ნაცრის შეყრა, არანაირი თანამზრახველი ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულში არ მყოლია. სასამართლომ მოისმინა მეორე ბრალდებულისგან, რაც მოხდა, ამას ვადასტურებ“, – განაცხადა ჭელიძემ.

ჭელიძე სასამართლოზე დაცვის მოწმის სახით გამოვიდა: მას პასუხი არ გაუცია ბრალდების არცერთ კითხვაზე, არც იმაზე, თუ საიდან ჰქონდა იარაღი.
მან იარაღის თაობაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა იმის მიუხედავად, რომ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გააფრთხილა – ეს საკითხი მნიშვნელოვანია განაჩენის გამოტანისთვის. ბრალდებულმა მხოლოდ დააზუსტა, რომ გიორგი კავილაძისთვის არ უთქვამს, რომ მას თან იარაღი ჰქონდა.
იმის თაობაზე, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავს, მოკლულის ოჯახმა განაცხადა. კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ამტკიცებს, რომ ჭელიძე მხოლოდ შემსრულებელია, დაქირავებული მკვლელია, ხოლო საქმეში დამკვეთი ფიგურირებს.
ახალგაზრდა პროგრამისტის მკვლელობაში დამკვეთი ფიგურირებს – ნიკა კვარაცხელიას დედა>>
მისი თქმით, ბრალდებულების ადვოკატები და ოჯახები სხვა ფიგურანტების დასახელების უფლებას არ აძლევენ.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კავილაძე და ჭელიძე მკვლელობისთვის წინასწარ მოემზადნენ: შეიძინეს იარაღი, ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.
კავილაძე მანქანაში ელოდა ჭელიძეს, რომელიც კვარაცხელიას მიუახლოვდა და ათზე მეტი ტყვია ესროლა.