COVID-19 - ბოლო ცნობები

მოაღწევს თუ არა „დელტაკრონი“ საქართველომდე? რას ამბობენ სპეციალისტები

ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდია და ძირითადად ევროპის ქვეყნებშია გამოვლენილი.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, გახდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი „დელტაკრონი“ საქართველოში ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის გამომწვევი მიზეზი, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდია. დღესდღეობით ის ძირითადად საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია დაფიქსირებული.

„არცერთი ქვეყანა არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე. ეს არის ჰიბრიდული ვირუსი, რომელმაც ორი სხვადასხვა მუტაციის - „დელტას" და „ომიკრონის" გარკვეული ელემენტები აიღო. საბედნიეროდ, ჯერ ამ შტამით ინფიცირების შემთხვევები ძალიან ცოტაა", – განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დღეს საქართველოში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, განაცხადა, თავის მხრივ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. ამასთან, მან „დელტაკრონის“ გამოჩენასთან დაკავშირებით მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ახალი შტამით ინფიცირების 17 შემთხვევაა გამოვლენილი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
მოულოდნელად: ევროპაში კორონავირუსის ახალი შტამი – „დელტაკრონი“ გაჩნდა
„პანიკის არანაირი საფუძველი არ არის და არც იმის ნიშნები, რომ საქართველოშიც ახალი ტალღა დაიწყება. მოსახლეობა მშვიდად, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, მოდით, დავიცვათ ის მინიმალური ზომები და წესები, რომლებიც გვაქვს", – განაცხადა ცერცვაძემ.
კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე გადამდები აღმოჩნდა. 26 დეკემბრიდან საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო და თებერვალში მან პიკს მიაღწია.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 1.099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა თებერვლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 26 ათასს აღემატებოდა.