საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

პარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, „გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად“.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცეს.
რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაგზავნიდან ორი კვირის შემდეგ მომზადდა, ხმა მისცა 111-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნულია, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა.
პარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს „გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად“.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება მოიპოვეს.