თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ თეონა ჯაყელი დაინიშნა, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯაყელი, რომელსაც მანამდე სამინისტროში კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა, აღნიშნულ თანამდებობაზე ეროვნული მუზეუმის დირექტორის გადაწყვეტილებით დაინიშნა. ბრძანება 19 მარტიდან შევა ძალაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, გენერალური დირექტორის მოადგილე, მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებით, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა, რომელიც დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ასევე 19 მარტიდან შეუდგება.
ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში, აღნიშნავენ უწყებაში.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით 2021 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ხუთი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი ჩამოყალიბდა:
1.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;2.
სპორტის მუზეუმი;3.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი;4.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს;5.
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.