მსოფლიო დღეს

შეერთებულმა შტატებმა 11 რუს სამხედრო მაღალჩინოსანს ახალი სანქციები დაუწესა

Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის თავდაცვითი სექტორის 11 მაღალჩინოსანს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილეს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, „რუსეთის შეჭრას მოჰყვა უამრავი ადამიანური ტანჯვა და მსხვერპლი, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების სიკვდილი“, რაზეც ამერიკული უწყება „პასუხისმგებლობას კვლავაც რუსეთის თავდაცვის სექტორის ხელმძღვანელობას აკისრებს“.

„მსოფლიო შეძრწუნებული შეჰყურებს, როგორ განახორციელა რუსეთმა წინასწარ მოფიქრებული, არაპროვოცირებული და უსაფუძვლო თავდასხმა უკრაინაზე. <...> სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს რუსეთის თავდაცვის სფეროს ლიდერებისთვის ხისტი დანაკარგების დაწესებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები შეეხო რუსეთის თავდაცვის მინისტრის რვა მოადგილეს: ალექსეი კრივორუჩკოს, ტიმურ ივანოვს, იუნუს-ბეკ ევკუროვს, დმიტრი ბულგაკოვს, იური სადოვენკოს, ნიკოლაი პანკოვს, რუსლან ცალიკოვსა და გენადი ჟიდკოს.
გარდა ამისა, ჩამონათვალში შევიდნენ „როსგვარდიის“ მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, „როსობორონექსპორტის“ გენდირექტორი ალექსანდრ მიხეევი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი.
მსოფლიო დღეს
ვაშინგტონმა ჩინეთი გააფრთხილა: რუსეთის დახმარებას შედეგები მოჰყვება
სანქციის პირობების თანახმად, აღნიშნული 11 პირის ყველა ქონება ან ქონებრივი წილი, რომელიც მათ აშშ-ის ტერიტორიაზე გააჩნიათ, დაიბლოკება. გარდა ამისა, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეკუთვნით სახელმწიფო დეპარტამენტის რესტრიქციებში მოხვედრილ პირებს.
ამასთან აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის წარმოება სანქცირებული პირების ქონებასთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.