მსოფლიო დღეს

ყაზახეთმა და უკრაინამ ქვეყნიდან ნაღდი ვალუტის გატანა შეზღუდეს

უკრაინის ნაციონალურმა ბანკმა აკრძალა ქვეყნიდან 10 ათას ევროზე მეტი თანხის გატანა.
Sputnik
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის ზომების შესახებ“, რომლითაც აკრძალა ქვეყნიდან 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანა.

„ყაზახეთის რესპუბლიკის ნაციონალური ინტერესების დაცვისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით აიკრძალოს ყაზახეთის რესპუბლიკიდან ნაღდი უცხოური ვალუტისა და უცხოურ ვალუტაში ფულადი ინსტრუმენტების გატანა იმ ოდენობით, რომელიც აღემატება 10 ათას აშშ დოლარის ეკვივალენტს“, – ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, აიკრძალა აფინირებული ოქროს ზოდების და ოქროსა და ვერცხლის საინვესტიციო მონეტების საზღვარგარეთ გატანა.
ყაზახეთის ნაციონალური ბანკის პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ შეზღუდვები დაწესებულია „ფინანსური სტაბილურობის რისკების თავიდან ასაცილებლად და სპეკულაციური მოთხოვნის ზეწოლის შესამცირებლად“.
თავის მხრივ, უკრაინის ნაციონალურმა ბანკმაც გააუქმა ქვეყნიდან 10 ათას ევროზე მეტი თანხის ვალუტის თავისუფალი გატანის ნებართვა.
„ნაციონალურმა ბანკმა დააბრუნა მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების მიერ უკრაინის ფარგლებს გარეთ 10 ათას ევროზე (ეკვივალენტი) მეტი სავალუტო ფასეულობების გადაადგილების დროს დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას“, – აღნიშნულია უკრაინის მარეგულირებლის ვებ-გვერდზე.
როგორც განცხადებაშია მითითებული, ასეთი თანხით საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ თანხის კერძო ანგარიშიდან მოხსნის ან საბანკო მეტალების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები.
უკრაინის ნაციონალური ბანკის ნებართვა ქვეყნიდან სავალუტო ფასეულობების თავისუფალი გატანის შესახებ 4 მარტიდან მოქმედებდა.