თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ჩინეთი არ იზიარებს იაპონიის პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების შესახებ, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ ორშაბათს განაცხადა, რომ ვითარება უკრაინაში და რუსეთის მოქმედება მიუთითებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებისა და ამგვარად ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე.
„ჩინეთის პოზიცია უშიშროების საბჭოს რეფორმის მიმართ თანმიმდევრული და ნათელია და ჩინეთი არ ეთანხმება იაპონიის შესაბამის შეხედულებებს“, – აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა ბრიფინგზე.
„როდესაც აშშ უკანონოდ შეიჭრა ერაყში, როდესაც აშშ უკანონოდ ბომბავდა ყოფილ იუგოსლავიას, მაშინ აკეთებდა იაპონია ასეთ განცხადებას?“ – დასვა კითხვა ჩჟაო ლიძიანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის იაპონიამ, ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლური სანქციები ძალიან სერიოზულია, თუმცა რუსეთი ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო პირადი სანქციების სიები მზად არის.