საზარელი ავარია ავტობანზე: გარდაცვლილებს შორის ბავშვია

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ მოზარდს ქირურგიული ოპერაცია უტარდება
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია.
დაშავებული კი 9 წლის მოზარდია, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის გორში, კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.