გარდაიცვალა ცნობილი სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი

ცნობილი სცენარისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას აზერბაიჯანში დაკრძალავენ
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. მოსკოვში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მწერალი და დრამატურგი, საკულტო ფილმის „უდაბნოს თეთრი მზე“ სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, იუწყება РИА Новости აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირზე დაყრდნობით.
ცნობილი სცენარისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
„იბრაგიმბეკოვს აზერბაიჯანში დაკრძალავენ“, - განაცხადეს კავშირში.
რუსტამ იბრაგიმბეკოვი
რუსტამ იბრაგიმბეკოვი ბაქოში დაიბადა. პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ვალენტინ ეჟოვთან თანაავტორობით დაწერა სცენარი ფილმისთვის „უდაბნოს თეთრი მზე“ (Белое солнце пустыни). ამ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ (აბდულა). დიდ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმი ძალიან პოპულარული გახდა.
იბრაგიმბეკოვი არის 40-ზე მეტი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი. მისი თითქმის ყველა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაიღეს.
რუსტამ იბრაგიმბეკოვი არის აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1998), აზერბაიჯანის (1976) და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1995), რუსეთის (1993, 1996, 1998, 2000), სსრკ (1981) და აზერბაიჯანის (1980) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი.
წყარო - РИА Новости