თბილისი, 10 მარტი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, 3-10 მარტის შუალედში ქვეყნის მასშტაბით ონლაინ–სწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 1.035 მოსწავლის მშობელმა დააფიქსირა, ხოლო დისტანციური სწავლების მოთხოვნა 32.444-მა მშობელმა გააუქმა.
ონლაინ–სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00–18:00 საათის შუალედში.
სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები ჯერჯერობით ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების წესიც.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის სულ 624 ათასია.
ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 იანვარს საკლასო ოთახებში გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით.