საგარეო უწყება: უკრაინიდან სამშობლოში საქართველოს 1,5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1.500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან საქართველოს საკონსულო დაწესებულებებმა სამშობლოში დამატებით საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყვეს.

ასევე გრძელდება ლვოვიდან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მოქალაქეთა ორგანიზებული გადაყვანა. ავტობუსის სპეციალური რეისები12 მარტის ჩათვლით ყოველდღე ხორციელდება, ამ დროისათვის სპეციალური რეისით 400-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი.

საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულად ტოვებენ ქალაქ ოდესას. ასევე ხდება მათი გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვა–რუმინეთის, იქიდან კი საქართველოს მიმართულებით.
უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ დიპლომატიური მისიები რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 17
+380 (63) 376 73 64
+380 (63) 511 73 25.
გენერალური საკონსულო ოდესაში:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17.
საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ ის პირებიც, რომლებსაც არ გააჩნიათ პასპორტი ან პასპორტს ვადა გაუვიდა. ამისათვის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ უკრაინაში საკონსულოს, რათა ე.წ. „დაბრუნების დოკუმენტი“ მიიღონ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტრო