ოთარ შამუგია: მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს

გუშინ თბილისის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში დახლებზე გამოტანილი შაქარი მთლიანად გაიყიდა. მოსახლეობის მხრიდან დიდი მოთხოვნა იყო მარილზეც.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოში სურსათის არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
გუშინ თბილისის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში დახლებზე გამოტანილი შაქარი მთლიანად გაიყიდა. სავაჭრო ობიექტებში დიდი მოთხოვნა იყო მარილზეც. ამის მიზეზი კი მოსახლეობაში გაჩენილი პანიკა იყო, რომელიც ქვეყანაში ამ პროდუქტების შემოტანის შეფერხების შიშმა გამოიწვია.

„არანაირი საფუძველი არ არსებობს შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა; ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან”, – განაცხადა მინისტრმა.

რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აჰყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში, განაცხადა შამუგიამ.
„პანიკის საფუძველი არ არსებობს“ – რიტეილერები საქართველოს მოსახლეობას ამშვიდებენ>>
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშიც ჰქონდა ადგილი პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც შეიქმნა გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დახლებზე. მაგრამ არც მაშინ იყო ეს მარაგების უქონლობით გამოწვეული, არამედ გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოსახლეობის მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა.

„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივაც შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას საზოგადოება დაინახავს მომავალ დღეებში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მომარაგების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარაგების შევსება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, არცერთი პროდუქტის იმპორტის მიმართულებით არ არის შეფერხება; ქვეყანაში არის იმ რაოდენობის მარაგები, რაც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
არის თუ არა ქვეყანაში სურსათის დეფიციტი
გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ საკითხებთან დაკავშირებით იმპორტიორებს და მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდა.