თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერ-კლასების ხელშეწყობა“, რომელშიც შედის კინოს, თეატრის, ფოტოგრაფიის, ანიმაციისა და თანამედროვე მუსიკის კატეგორიები.
კონკურსის მიზანია მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა, ხელოვანებისა და სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველყოფა, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა, ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი 500 ათასი ლარია, აღნიშნავენ სამინისტროში.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება:
ფესტივალის ფარგლებში აქტივობების რაოდენობას, საფესტივალო პროგრამის მრავალფეროვნებას, მონაწილე ქვეყნების რაოდენობას;
საერთაშორისო მასტერ-კლასებს, რომლებიც პასუხობს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას;
წარმატებული და მაღალი პროფესიული მიღწევების მქონე ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერ-კლასების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილებას.
საკონკურსო განაცხადებს მატერიალური სახით მიიღებენ 2022 წლის 17 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კულტურის სამინისტრომ ამ სფეროში კონკურსის (ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერ-კლასების ხელშეწყობა) ჩატარების შესახებ 2021 წელს გამოაცხადა, მაგრამ კონკურსი პანდემიის გამო გადაიდო. ასევე გამოაცხადა მეორე კონკურსი „საერთაშორისო კინოფესტივალების მხარდაჭერა“.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 7 პროექტი, რომელმაც მოიცვა სამი ლოკაცია და მასში მონაწილეობდა 380 ადამიანი.