ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ბინებით დაკმაყოფილდებიან

უწყებაში აცხადებენ, რომ ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები 43 დევნილი ოჯახი ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოროთახიანი ბინის მიღების კანდიდატი დევნილი ოჯახები ახალი საცხოვრებელი ფართებით უკვე უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდებიან.
სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა და დევნილ ოჯახებს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სირბილაძის განცხადებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ 40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა. ოროთახიანი ბინის მიღების კანდიდატი 43 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს თბილისში მიიღებს, ორი დევნილი ოჯახი კი – რეგიონში.
ყოფილი სანატორიუმის შენობაში თითქმის 30 წელია აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს ითხოვს.
მთავრობის წარმომადგენლები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
ჯაბა სირბილაძის განმარტებით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურ ფაზაშია და, ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, მიმდინარე წელს სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახის განსახლების პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
განსახლების მოდელები გულისხმობს: დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავადაც შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 1 კვ.მ-ზე 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
სურვილის შემთხვევაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს.
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 18 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულებს, უსაფრთხოების პირობების დაცვის შემთხვევაში, შეასახლებენ სახლებში, რომლებიც ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში.
წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო