თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,3947 შეადგინა.
მარეგულირებელმა აუქციონზე 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც გაიყიდა 39,57 მლნ დოლარი.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წელს კი ეროვნულმა ბანკმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
ხუთშაბათისთვის, 10 მარტისთვის ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3,4019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
მანამდე სებ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.
სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს სცდება, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.
ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი