პირველები და ძლიერები: ქართველი ქალები, რომლებმაც ისტორია შექმნეს

8 მარტს ქალებს ხშირად უსურვებენ „დარჩნენ ისეთივე ნაზი, სათუთი, ფაქიზი, ლამაზი“, მაგრამ ეს არც ისე სწორია. რადგან თავდაპირველად ეს დღესასწაული გაჩნდა როგორც ქალთა სოლიდარობის დღე თანაბარი უფლებებისა და ემანსიპაციისათვის ბრძოლაში.
Sputnik
საქართველოში ქალებმა თავიანთ უფლებებზე და საზოგადოებაში როლის გაზრდაზე საუბარი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე და უფრო ადრეც დაიწყეს. ზოგიერთმა ქალმა უარი თქვა თავიანთ ჩვეულ როლზე, დაკავდა იმ პროფესიით, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ.
8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „Sputnik-საქართველო“ მკითხველს გააცნობს ძლიერ ქართველ ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას და პირველებიც კი გახდნენ ბევრ სფეროში.

თამარ მეფე

ჩვენს სიაში პირველი, რა თქმა უნდა, თამარ მეფე იქნება – სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიადი და ცნობილი ქალია საქართველოში.
მომავალი წმინდა თამარ მეფე ძველქართული ბაგრატიონების დინასტიიდან იყო. 14 წლის ასაკში ის მამამისის – გიორგი მესამის თანამოსაყდრე გახდა.
შოთა რუსთაველი გადასცემს თავის ქმნილებას თამარ მეფეს. მიხაი ზიჩის ილუსტრაცია
გონიერებით, ღვთისმოშიშობითა და სილამაზით გამორჩეული თამარ მეფე სიბრძნით განაგებდა სახელმწიფოს – მისი მეფობის პერიოდს საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა ეწოდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანობის მთელ საქართველოში გავრცელებაში. XII საუკუნეში მოხდა ქართული მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავებაც.
თამარის დროს ქვეყნის მასშტაბით აშენდა ხიდები, გზები, ქარვასლები, ტაძრები და მონასტრები, მათ შორის ვარძიის მონასტერი, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. იგი მშვიდად აღესრულა 1213 წელს.

პირველი ქალი არქიტექტორი საქართველოში

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი იყო პირველი ქართველი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა თავი არქიტექტურისთვის მიეძღვნა. 1929 წელს გოგონამ დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი და წარმატებას მალევე მიაღწია.
ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ დღეს დედაქალაქში (და არა მარტო დედაქალაქში) სეირნობისას მისი ბევრი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ. მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსი ჭავჭავაძის გამზირზე (N11), აკადემიკოსთა სახლი დოლიძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში, სასტუმრო „ინტურისტი“ გორში.

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი

ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელი საქართველოში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი გახდა. 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჰელსინკიში მან ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ეს მისი წარმატებული კარიერის მხოლოდ მცირე ნაწილია. ჯუღელმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეჯიბრებაში, მოიპოვა 13 ოქროს, 9 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი.
ოლიმპიური ცეცხლი

პირველი ქართველი ფემინისტი

გვერდს ვერ ავუვლით ბარბარე ჯორჯაძეს, რომელსაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში პირველ ქართველ ფემინისტს უწოდებდნენ. საინტერესოა, რომ უმეტესობა ჯორჯაძეს იცნობს არა როგორც საზოგადო მოღვაწეს, არამედ როგორც შესანიშნავ მზარეულს. სწორედ მან გამოსცა პირველი კულინარიული წიგნი 1874 წელს. მაგრამ ახლა ამაზე არ არის საუბარი.
ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების წიგნი
ბარბარე ჯორჯაძეს არ ეშინოდა საკუთარი აზრის გამოთქმისა და იმ ქალების მხარის დაჭერა, რომლებსაც მაშინ საკუთარი „ხმა“ არ ჰქონდათ. ერთ დროს ჯორჯაძის პუბლიკაციამ „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“ (1893) ქართულ საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია. ქალთა უფლებების თანამედროვე დამცველები მას ქართული ფემინიზმის მანიფესტს უწოდებენ.
ბარბარე ჯორჯაძე
მეტიც, ბარბარე ჯორჯაძეს ქართული ენის მოდერნიზაციის თემაზე ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირებისაც კი არ ეშინოდა. ქართველმა ქალმა გაბედა არა მარტო კამათი დიდ მწერალთან, არამედ სიტუაციის „მოგვარებაც“. ამ „ბრძოლას“ მამა-შვილთა ბრძოლაც კი ეწოდა. ბარბარე „მამებს“ დაუდგა, ჭავჭავაძე კი საწინააღმდეგო მხარეს იყო.

პირველი ქალი რეკორდსმენი საქართველოში

ჩვენი შემდეგი გმირი ნინო დუმბაძეა, რომელმაც არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა დისკოს ტყორცნაში – მან საკუთარი მაჩვენებელი შვიდჯერ გააუმჯობესა.
მისი რეკორდი მხოლოდ ერთხელ მოიხსნა ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ ნინო დუმბაძემ კვლავ გააუმჯობესა შედეგი და სპორტი ქალთა შორის რეკორდსმენის სტატუსში დატოვა. ნინო დუმბაძე ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი სპორტსმენი, სსრკ-ის ათგზის ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი.

პირველი მთამსვლელი საქართველოში

საქართველოში პირველი მთამსვლელი ქალი იყო ალექსანდრა ჯაფარიძე, რომელმაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მწვერვალები დაიპყრო. სწორედ ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც ფეხი თეთნულდისა და უშბის მწვერვალებზე შედგა.
უშბა
ალექსანდრა სხვადასხვა თავბრუდამხვევ ექსპედიციებში მონაწილეობდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 1940 წლის ექსპედიცია კავკასიის ურთულეს მხარეში, რომელიც მოიცავდა 22 მწვერვალს, რომელთაგან 11 ურთულესი მწვერვალების კატეგორიას განეკუთვნება.
ეს იყო იმ დროის უდიდესი ალპინისტური მიღწევა და პირველად მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში ასეთ სახიფათო ექსპედიციაში ქალი მონაწილეობდა.