უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – კახა კალაძე დახმარების პუნქტში იმყოფებოდა

საქართველო განაგრძობს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტები გროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ბელიაშვილის N5-ში გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან ილია ელოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისის მერმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ქველმოქმედებაში ჩართულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს კი მადლობა გადაუხადა.

„გულწრფელად ვუხდი მადლობას ყველას, რადგან ვიცი, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ უჭირს მოსახლეობას და ამის მიუხედავად მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ უკრაინელ დებს და ძმებს. გენაცვალეთ ადამიანობაში“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით არაერთ ჰუმანიტარულ პროგრამას ახორციელებს.
მერიის ცნობით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ანგარიშის სახაზინო კოდია 300778800.
გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.