ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ტიკარაძე რექტორის მოადგილის რანგში უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს.

„ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, ასევე სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომლებიც უნივერსიტეტში განხორციელდება“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2 წლის და 6 თვის განმავლობაში ეკავა, გასული წლის 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძეს კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში რჩებოდა.
წყარო - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი