„ქართულ ოცნებას" განმარტება მოუწია, თუ რატომ დაუშვა რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტები

შაბათს ცნობილი გახდა, რომ „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან რძისა და რძის პროდუქტების მომწოდებლების სიის გაფართოება გადაწყვიტა.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს რუსულ ბაზარზე რძისა და რძის ნაწარმის მიწოდების თაობაზე რუსეთისთვის ხელახლა არ მიუმართავს, ამაზე მსჯელობა წლები გრძელდებოდა და მხოლოდ ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა.
ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ფონზე ქართული მხარე ამ ქვეყანაში ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. დასავლეთმა სანქციების გამკაცრება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაცია წამოიწყო.

„საუბარი არ არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საუბარი არის პროცესზე, რომელიც წლებია მიმდინარეობს. იცით, რომ რუსეთი ხშირად იყენებს ემბარგოს ქართული პროდუქციის მიმართ. ეს საკითხი წლებია დგას და მხოლოდ ახლა მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ქართულ მხარეს რძის ნაწარმისთვის რუსული ბაზრის გახსნის თაობაზე არანაირი დამატებითი ნაბიჯი არ გადაუდგამს და საკითხი არ დაუყენებია.
„ზუსტად ამიტომაც მგონია, რომ ეს ყურით მოთრეული თემაა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფონზე საქართველოში ჩნდება პოლიტიკური ძალები და პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამას იყენებს საკუთარი მიზნებისთვის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
შაბათს ცნობილი გახდა, რომ „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან რძისა და რძის პროდუქტების მომწოდებლების სიის გაფართოება გადაწყვიტა. საუბარია 15 ქართულ საწარმოზე, რომელთა დასახელება ამ ეტაპზე უცნობია.
ქართული რძის ნაწარმის ექსპორტი რუსეთში: სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება>>
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ქმედებებს გმობს.
ამჟამად რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, 23,2%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.