თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის „დემილიტარიზაციის ოპერაცია ნებისმიერ მომენტში“ შეწყვიტოს, თუ კიევი ადრე გამოცხადებულ პირობებს შეასრულებს, იუწყება РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.
ამ წუთებში ბელარუსში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
„მათ (უკრაინის მხარეს - რედ.) უთხრეს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ერთ მომენტში შეწყდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დააზუსტა, რომ კიევმა უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანოს და უარი თქვას „ნებისმიერ ბლოკში“ გაწევრიანების პრეტენზიაზე.
გარდა ამისა, პესკოვის სიტყვებით, უკრაინამ ყირიმი რუსეთის რეგიონად უნდა აღიაროს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები კი - დამოუკიდებლად.
„ჩვენ ნამდვილად ვასრულებთ უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ მას დავასრულებთ... მათ (უკრაინის მხარეს - რედ.) საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტონ“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.