თბილისი, 7 მარტი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს კრიტიკა ქართული რძისა და რძის პროდუქტებისთვის რუსეთის ბაზრის გახსნის თაობაზე სამწუხაროა, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
5 მარტს ცნობილი გახდა, რომ „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან რძისა და რძის პროდუქტების მიმწოდებლების სიის გაფართოება გადაწყვიტა. საუბარია 15 ქართულ საწარმოზე, რომელთა დასახელება ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიციამ მკვეთრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ფონზე ქართული მხარე ამ ქვეყანაში ექსპორტის გაფართოებას გეგმავს.
„როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ქართული რძისა და რძის პროდუქტებისთვის რუსული ბაზრის გახსნის თაობაზე მოთხოვნა კერძო კომპანიებმა 2020 წელს გაგზავნეს... ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა ბიზნესმენების ადრე გაგზავნილ განცხადებაზე გადაწყვეტილება ახლა მიიღო.
მდინარაძის განმარტებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე.
„უკრაინის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე ჩვენთვის მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამ გარემოებების შესახებ ამომწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ.
„ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, კონფლიქტის დაწყებამდე რუსეთი უკრაინის მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლებოდა.
მდინარაძემ ასევე უპასუხა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ხელისუფლების უართან დაკავშირებულ კრიტიკას.
„საქართველომ, ისევე, როგორც ჩვენმა ყველა მეზობელმა ქვეყანამ – თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ – განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება. ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული: რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შეუქმნის“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია საკუთარი მოსახლეობის სანქციებით დასჯა.
მდინარაძემ კრიტიკა არ დაიშურა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართითაც და იგი საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები უკრაინის ხელისუფლებაზე და უშუალოდ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე გავლენას ახდენენ და მას ცრუ ინფორმაციებს აწვდიან.
„გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. აქვე ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი – უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ არ ადარდებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ბედი, მათ მხოლოდ საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურთ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, „ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი“.