თბილისი, 6 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება“, - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო კონფლიქტში ჩართოს.
„დღესავით ნათელია, რომ მათ არ უხარიათ ქვეყნის სიკეთე და ეს ორმაგი სტანდარტები და არათანმიმდევრულობა სწორედ ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციონერების მისწრაფებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გეგმებს.
„რა თქმა უნდა, დასუსტებული და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება“.
ამ კვირაში საქართველომ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. საქართველო ამ განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“