არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა

საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კიდევ ერთი მაგალითი.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების თანახმად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.

„მოლაპარაკებების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

საამიროებში ტურისტული, 30-დღიანი ვიზის მიღება სირთულეებს არ უკავშირდებოდა. სურვილის შემთხვევაში მოქალაქეები ტურისტული სააგენტოების გავლითაც იღებდნენ ვიზას. ვიზის ღირებულება 80-დან 150-მდე დოლარს შეადგენდა.
ჯერჯერობით უცნობია ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების ზუსტი თარიღი, მაგრამ, საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მხოლოდ „გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობები“ უნდა დასრულდეს.
წყარო - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო