თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 205 ფაქტი დაფიქსირდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 205-დან ცხრა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დანარჩენ დამრღვევებს ჯარიმები დაეკისრა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში (40), კახეთსა (37) და სამცხე-ჯავახეთში (33).
თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები თბილისშიც გამოვლინდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედაქალაქში ოთხი დამრღვევი ამხილეს.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 42 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.