თბილისი, 5 მარტი – Sputnik. უკრაინაში მოლაპარაკებების პერიოდში ცეცხლი უნდა შეწყდეს - ამისკენ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, წერს РИА Новости.
„შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს საომარი მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერიოდში“, - მოუწოდა მხარეებს რაუმ ვარშავაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ. იმავდროულად, რაუმ ორივე მხარეს მოუწოდა „დაიცვან საერთაშორისო სამართალი და ღირსეულად მოექცნენ სამხედრო ტყვეებს“.
გარდა ამისა, ეუთოს თავმჯდომარემ ასევე მოუწოდა მხარეებს, გააგრძელონ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა.
„მოვუწოდებ მხარეებს, გააგრძელონ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს საფრთხეში მყოფი ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას“, - თქვა მან. „ჩვენი პრიორიტეტია ასობით ათასი, შესაძლოა მილიონობით ლტოლვილის დახმარება”, - დასძინა რაუმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
წყარო - РИА Новости.