თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ნავთობისა და გაზის მოპოვების სასწრაფო გაზრდის მოწოდებით გამოვიდა. მან აღიარა, რომ „მწვანე“ ენერგეტიკას რუსეთის ნახშირწყალბადების ექსპორტის დროული ჩანაცვლება არ შეუძლია.
„მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავზარდოთ ნავთობისა და გაზის მოპოვება. საგანგებო დრო საგანგებო ზომებს მოითხოვს ", - დაწერა მან Twitter-ზე.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ნავთობის, გაზისა და მათი გადამუშავების პროდუქტების, მათ შორის ბენზინის ფასი მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა.
ტესლაც დაზარალდება, ამბობს მასკი. ბიზნესმენმა აღიარა, რომ მოპოვების ზრდა უარყოფითად აისახება მისი კომპანიის ელექტრომობილებზე. „მაგრამ მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ ვერ აანაზღაურებს რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტს“, - თქვა მასკმა.
ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამერიკაში აქტიურად განიხილავენ სანქციების ფარგლებში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის თემას. ამავდროულად, თეთრი სახლი ჯერჯერობით მსგავსი ზომების წინააღმდეგ გამოდის და ამტკიცებს, რომ ეს ენერგომატარებლებზე ფასების შემდგომ ზრდას გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.