თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თბილისის გრანდ-სლემი ძიუდოში, რომელიც 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, 3-5 ივნისს ჩატარდება. ინფრომაციას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ავრცელებს.
ფედერაციაში გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო მიიღეს.
„ამჟამინდელი მდგომარეობის გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ და გრანდ-სლემის საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის გადადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება“, – ნათქვამია IJF-ის ინფორმაციაში.
თბილისში გრანდ-სლემის სტატუსის ტურნირი პირველად 2021 წელს გაიმართა, მანამდე საქართველოს დედაქალაქი ერთი რანგით ნაკლებ თბილისის გრან-პრის მასპინძლობდა. თბილისური გრანდ-სლემი 2021 წელს პანდემიის გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა. მაშინ ქართველმა ძიუდოისტებმა 9 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
გასულ წელს ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) დაეუფლნენ, მესამე ადგილებზე კი ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.