მსოფლიო დღეს

„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“: ტრამპი დამნაშავეს ასახელებს

Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის ჯო ბაიდენის რეიტინგი ზედმეტად აწეულად მიიჩნია და Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო ამერიკა ჯოჯოხეთისკენ მიექანება.
ტრამპი აღაშფოთა ბაიდენის გეგმამ გადასახადების გაზრდის შესახებ, ვინაიდან ეს, მისი აზრით, ეკონომიკას დაარტყამს.
„ასე როგორ შეიძლება?! არასდროს მსმენია, რომ ადამიანს, რომელიც გადასახადებს ზრდის, არჩევნებში გაემარჯვოს! [ბაიდენს] კი სურს გადასახადების აწევა და ეს ბოლოს მოუღებს ეკონომიკას — ბოლოს მოუღებს“, — განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
ამასთან მას არ სჯერა ბოლო გამოკითხვის შედეგებისა, რომლის თანახმადაც ბაიდენის რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, დაეცა რა 37%-მდე. თეთრი სახლის ყოფილი მასპინძელი დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია.

„საშინელი ამბები ხდება და თავად მითხარით – 37% მართალია? მე არ მჯერა, არ მჯერა! არ მგონია, რომ მას ამომრჩეველთა 37% უჭერდეს მხარს“, — აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი დადებითად აფასებდეს ბაიდენის საქმიანობის შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი რეგულარულად აკრიტიკებს ჯო ბაიდენს და ხაზს უსვამს მის შეცდომებს. მანამდე მან უკვე დაადანაშაულა ამერიკის ამჟამინდელი ლიდერი ქვეყნის ნგრევაში და მის შეცდომათა შორის განსაკუთრებით გამოყო ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ქაოსური გამოყვანა, ინფლაციის ზრდა, არეულობა საზღვარზე და ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება.