თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში 13,7% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა კომუნალურ მომსახურებაზე (45,8%), ტრანსპორტზე (14,5%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,1%) და ჯანდაცვაზე (6,5%). წლის განმავლობაში სურსათზე ფასების ზრდამ თებერვალში 17,3% შეადგინა.
2022 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,9% შეადგინა. იანვრის თვის ინფლაცია 1,1% იყო.
რა ახდენს გავლენას საქართველოში ფასების დინამიკაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენციაა, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზის თანახმად, იანვარში მსოფლიო ფასები ძირითად საკვებზე გაიზარდა 1,1%-ით (ძირითადად მცენარეულ ზეთსა და რძის პროდუქტებზე) და 2011 წლის აპრილიდან ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
„ამასთან დაკავშირებით ფიქსირდება სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა აშშ დოლარში და ბოლო დროს ნავთობის ფასის კიდევ უფრო სწრაფი ზრდა მსოფლიო ბაზრებზე, რასაც თან ახლავს საერთაშორისო გადაზიდვებზე ხარჯების ზრდის მაღალი ტემპები“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ზრდა საქართველოსთვისაც პრობლემაა. მაღალი მაჩვენებელი ძირითადად განპირობებულია ცალკეული ფაქტორებით, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურია მთელ მსოფლიოში.
„2021 წელს მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის 10,6%-იანი ზრდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნებასთან, პანდემიის წინა ეტაპებზე დაგროვილი მოთხოვნის რეალიზაციასთან და ბოლოდროინდელ მაღალ საპროცენტო განაკვეთთან“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
ძლიერი საკრედიტო აქტივობა დადებითი სტიმულია მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის, მაგრამ ამავდროულად ხელს უშლის ინფლაციის შემცირებას, ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი.
ინფლაციური პროგნოზი დამაიმედებელი არ არის
ეროვნული ბანკის აზრით, უახლოეს პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
„ყველა სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციის შემცირება 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოსთვის მიაღწევს“, – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველა სხვა თანაბარ პირობებში მიმდინარე პროგნოზი ინფლაციის შემცირებას 2022 წლის გაზაფხულიდან ითვალისწინებს, რასაც, დროებითი ფაქტორების მიღებასთან ერთად, ხელს შეუწყობს არსებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია.