თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას – წლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს გამოსულიყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს შაბათს წარადგენდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა, არ მოეწვია პარლამენტის სხდომა სპეციალურად პრეზიდენტისთვის და შესთავაზა ალტერნატიული თარიღი – მომდევნო პლენარული კვირის სამშაბათი, 15 მარტი.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს სურს, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიმართოს პარლამენტს საფრანგეთში ვიზიტისა და ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის უკრაინის თემაზე პოზიციები გაიყო.
მანამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ დაუჭერს მხარს დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საპასუხოდ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის პრემიერის ადგილზე რომ ყოფილიყო, მსგავსი განცხადებისგან თავს შეიკავებდა.
სალომე ზურაბიშვილისთვის ეს იქნება რიგით მეოთხე გამოსვლა სახელმწიფოს მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე. პირველი გამოსვლა 2019 წლის მარტში შედგა.