თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დედაქალაქში მყოფი უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის მოქალაქეებს ასევე უფასოდ შეუძლიათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობაც.
თბილისის მთავრობის განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დედაქალაქის მერის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაევალა.
„დამატებით ვთავაზობთ მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ა(ა)იპ-ის უფასო მომსახურებას, რათა ცოტათი მაინც შეძლონ განტვირთვა, სულიერი თუ ფიზიკური მხნეობის შენარჩუნება, მათ შვილებს არ შეექმნათ სოციალიზაციის პრობლემა და თანატოლების გვერდით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც გვთავაზობენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ხელოვნების სკოლები და ა.შ.“, – განაცხადა ბასილაიამ.
ანდრია ბასილაიას თქმით, ამ შეთავაზების შესახებ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან თბილისის სასტუმროებში განთავსებულ უკრაინელ სტუმრებს.
ცენტრების ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინელ სტუმრებს მოემსახურებიან, იხილეთ ბმულზე.
გუშინ თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაიხსნა ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად, ასევე ამოქმედდა ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველად მოხმარების ნივთები.