თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს საბანკო სისტემას საკმარისი კაპიტალი აქვს იმისთვის, რათა გაუმკლავდეს უკრაინის მოვლენებისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო მოსალოდნელ შოკს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მანამდე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები, რომელიც დასავლეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ რუსეთს დაუწესა, დაარტყამს ევროპის ეკონომიკასაც.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა მაკროეკონომიკურ ტენდენციებთნ დაკავშირებით გაურკვევლობა, მაგრამ საქართველოს ფინანსური სისტემა მზად არის სტრესის გადასატანად. როგორც დეკემბერში სტრეს-ტესტების შედეგებმა აჩვენა, საბანკო სექტორი მდგრადობას მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება და კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა.
„მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისათვის საქართველოში 14 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა აქტივებიც ჯამში 60,2 მლრდ ლარს შეადგენს.
2020 წელს კომერციული ბანკებისთვის გააუქმეს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი და არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, რამაც 1,6 მლრდ ლარის ოდენობის კაპიტალის გამოთავისუფლება გახადა შესაძლებელი.
წყარო: ეროვნული ბანკი