წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

კახა კალაძის თქმით, შემდეგი ეტაპი ბაგების ტერიტორიის სრული მოწესრიგება იქნება.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დღეს კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. ეს არის ბაგების გზაგამყოფი, რომელიც მოსაწესრიგებელი იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს უკვე გადაადგილება კიდევ უფრო თავისუფლად არის შესაძლებელი, რადგან ავტობუსისთვის შესაბამისი ზოლი მოეწყო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
მისი თქმით, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა უჩანეიშვილის ქუჩაზე ასასვლელი გზა, თუმცა ახლა ყველაფერი უკვე მოწესრიგებულია.

„როგორც კი ხიდის მშენებლობის სამუშაოები დასრულდება, შემდეგი ეტაპი იქნება ბაგების მთლიანი მოწესრიგება თავისი ინფრასტრუქტურით – საპარკინგე ადგილებით და საფეხმავლო ბილიკებით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვეითთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო შუქნიშნით დარეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელები და განახლდა ავტობუსის გაჩერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ამასთან, ქუჩის დიზაინი ითვალისწინებს კერძო ავტომობილების მოძრაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
წყარო: თბილისის მერია