თბილისი, 2 მარტი – Sputnik. რუსული ბანკების გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-სგან გათიშვა რუსეთიდან საქართველოში ფულად გზავნილებს არ შეეხება, განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რამდენიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის არის გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-სგან გათიშვა. სანქციები შეეხო შემდეგ ბანკებს: VTB, „სბერბანკი“, „ოტკრიტიე“, „ნოვიკომბანკი“, „პრომსვიაზბანკი“, „სოვკომბანკი“, BM-Bank, „საროვბიზნესბანკი“, RGS Bank.
„სანქციები არ ეხება სწრაფ გზავნილებს (ანგარიშის გაუხსნელად თანხის გადარიცხვა უცხოეთში), მაგრამ ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სწრაფი გზავნილები თავად რუსეთმა შეიძლება შეუზღუდოს მის რეზიდენტებს... სავარაუდოა, რომ შეიცვალოს მოცულობა, მაგრამ ცალსახაა – გამორიცხულია, რომ სრულიად შეწყდეს (გზავნილები - რედ.)“, – განაცხადა ძნელაძემ.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა იანვარში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა და 168,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კონკრეტულად რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 22,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 13,3%-ია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
დასავლეთის ქვეყნებმა სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტები აამოქმედეს.