თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე სასამართლოს ეზოში ხმაურისა და შეხლა-შემოხლის ფონზე წარიმართა.
ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა თბილისში ჟურნალისტებზე ნამდვილი „ნადირობა“ გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ძალადობის ფაქტზე 27 ადამიანი დააკავეს.
სასამართლოს ეზოში ბრალდებულების რადიკალურად განწყობილი თანამოაზრეები შეიკრიბნენ.
მოსმენის შემდეგ ისინი ემუქრებოდნენ ბრალდების მოწმეებს, კერძოდ, ტელეარხ „ფორმულას“ ჟურნალისტ რატი წვერავასა და ტელეარხ „მთავარის“ ოპერატორ დავით ახალაძეს.
მოწმეების მიმართ რეპლიკებს შორის ისმოდა: „ყოველთვის დაცვით ვერ ივლით“.
აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა წვერავა დაადანაშაულეს იმაში, რომ მან 5 ივლისს თავად მოაწყო პროვოცირება, რადგან შეკრებილებს „არარაობა“ უწოდა.
ადგილზე ვითარების განსამუხტად პოლიცია გამოიძახეს.
ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჟურნალისტების საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლაში, რომლის დროსაც ძალადობა გამოიყენეს, ასევე ჯგუფურ ძალადობაში.
მათი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში თითოეულს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.