COVID-19 - ბოლო ცნობები

რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არავაქცინირებული იყო.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში 60 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებში ყველაზე დიდი პროცენტი 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე მოდის.

„ეს არის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, მოსახლეობა, რომელსაც აქვს ასაკიდან გამომდინარე იმუნური პასუხის ნაკლები სიმძაფრე და, შესაბამისად, ამ მხრივაც ხანში შესულები დაუცველი არიან“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არავაქცინირებული იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.822.060 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.247.387 ადამიანი, ეს 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 43,4%-ია.