გამოფენა „ფაბრიკაში“: ქართველმა სტუდენტებმა „რბილი ხე“ შექმნეს

სტუდენტებისთვის მთავარ ინსპირაციას წარმოადგენს ენზო მარის წიგნი Autoprogettazione („დამოუკიდებელი დიზაინი“), რომელიც ხაზს უსვამს მარტივი და პირდაპირი მიდგომის მნიშვნელობას დიზაინის შექმნის პროცესში.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა Soft Wood („რბილი ხე“) მიმდინარეობს თბილისის მრავალფუნქციურ ცენტრ „ფაბრიკაში“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია რაინერ კიბურცის პროდუქტის დიზაინის კურსის ჯგუფი (Product Design Studio). ნამუშევრები სტუდენტებმა ბოლო სემესტრში შექმნეს.

სტუდენტებისთვის მთავარ ინსპირაციას წარმოადგენს ენზო მარის წიგნი Autoprogettazione („დამოუკიდებელი დიზაინი“), რომელიც ხაზს უსვამს მარტივი და პირდაპირი მიდგომის მნიშვნელობას დიზაინის შექმნის პროცესში.

Autoprogettazione არის ერთგვარი სახელმძღვანელო ავეჯის კოლექციის დიზაინისთვის, რომლის აწყობაც მხოლოდ ჩაქუჩისა და ლურსმნების დახმარებით შეიძლება“, – ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორების განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სტუდენტები მცირედი ცვლილებებით მიჰყვებოდნენ ენცო მარის მიდგომას და მხოლოდ ორი სხვადასხვა ზომის ხის ნაჭერსა და შეერთების ერთ მეთოდს იყენებდნენ.
თითოეულმა მოსწავლემ თავისი სურვილის მიხედვით შეარჩია ავეჯის ესა თუ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამებოდა კონკრეტულ საჭიროებას.
პროექტში მონაწილე სტუდენტები არიან ზიზი ადამია, მარიამ გაჩეჩილაძე, ეკა გოგუა, ირინა ლომიძე, მარიამ მესტვირიშვილი, ანანო სულაბერიძე და ელენე ფიჩხაძე. გამოფენა ნინოშვილის 8 ნომერში მდებარე „ფაბრიკაში" იმართება. გამოფენა 3 მარტამდე გასტანს.