1 მარტიდან ელექტრონული რეცეპტის სისტემა ამოქმედდა

მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. გამონაკლისის სახით, რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა მხოლოდ სოფლის ექიმებს ექნებათ.
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი 1 მარტიდან ვალდებული იქნება მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა N3 რეცეპტის საშუალებით.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ექიმი ასევე ვალდებულია სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.
მოთხოვნა გავრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. რეცეპტის ქაღალდზე გამოწერის საშუალება, გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ექნებათ.
ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებს უჩნდებათ ვალდებულება, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცენ მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.
ღარიბაშვილი: თურქული მედიკამენტების პირველი პარტია ორ კვირაში შემოვა
მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გაცემას 2014 წლიდან ექვემდებარება. აქამდე დოკუმენტი იწარმოებოდა როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონული სახით. აღნიშნული ცვლილების მიზანი ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობა და მედიკამენტების ფასების შემცირებაა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, გამონაკლისი იმოქმედებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისას და პრეპარატების გაცემა მოხდება რეცეპტის გარეშე.
ჯანდაცვის სამინისტრომ იმ ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა, რომლებიც ე.წ. „გადაუდებელი დახმარების ჩანთაში“ შედის, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და, შესაბამისად, წამლებზე ფასების შემცირებას.
წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო