თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე ფერმერებს ფინანსური დახმარება გაუზარდა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება და სახელმწიფოს დაფინანსებით ტექნიკის შესყიდვას ითვალისწინებს.
„სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, მოსავლის ამღები ახალი და მეორადი ტექნიკის თანადაფინანსებით შესყიდვა თანაბრად შესაძლებელია“, - განაცხადა შამუგიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მეორადი კომბაინების შესყიდვა 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და შესყიდვისას თანადაფინანსება შეადგენს არაუმეტეს 60%-ს (120 ათასი ლარი).
ხოლო მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი ახალი ტექნიკის შეძენა წელს 1 მარტიდან არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო დააფინანსებს ღირებულების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 ათას ლარს, ხოლო სხვა ტიპის მოსავლის ამღები (გარდა ყურძნისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს (150 ათასი ლარი).
ამ შემთხვევაში ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
მთავრობის გადაწყვეტილებამდე ფერმერებს მხოლოდ ახალი ტექნიკის შეძენა შეეძლოთ.