თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. მოლდოვა 2014 წლიდან მხარს არ უჭერს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აპირებს იგივე ხაზის გატარებას ეკონომიკური მიზეზების გამო, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ.
„გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ არ არის მარტივი გადაწყვეტილებები, ეს არის ძალიან რთული გადაწყვეტილებები მოლდოვაზე ძლიერი და აყვავებული ქვეყნებისთვისაც კი. 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოლდოვამ გადაწყვიტა არ შეუერთდეს ევროკავშირის ან აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხაზს“, - განაცხადა პოპესკუმ TV8-ის ეთერში.
პოპესკუს თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოლდოვის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსეთთან კავშირებზე, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში.
პოპესკუმ აღნიშნა, რომ დღეს კიშინიოვი აწარმოებს დიალოგს მოსკოვთან ტექნიკურ დონეზე, ძირითადად განხილვები ეხება მოლდოვის მოქალაქეების დახმარებას, რომლებიც უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სპეცოპერაციის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა ახალი ანტირუსული სანქციების ამოქმედების შესახებ გააკეთეს განცხადება. „შავ სიაში“ რამდენიმე მსხვილი ბანკი, მათ შორის Sberbank და VTB მოხვდა. ამასთან, იგეგმება რუსეთის ზოგი ბანკის SWIFT-დან გათიშვა. ზოგიერთი სახელმწიფო კომოანიისთვის უცხოური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა შეიზღუდა. გერმანიის ხელისუფლებამ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი გააჩერა.