ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტიდან იწყება

გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და, საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეცპირობა;
საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები 14 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ;
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.
როგორც ცენტრის გვერდზეა აღნიშნული, კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.
წყარო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი