პუტინმა შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის სახელმწიფოს ლიდერმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს არალეგიტიმური უწოდა
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადაყვანა უბრძანა.
კვირას პუტინმა გამართა შეხვედრა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვთან.
რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დასავლეთი არამხოლოდ დგამს არამეგობრულ ნაბიჯებს ეკონომიკის მიმართულებით, არამედ ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირები რუსეთის მისამართით თავს აგრესიული გამონათქვამების უფლებას აძლევენ.
„პატივცემულო კოლეგებო, თქვენ ხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები არამხოლოდ დგამენ არამეგობრულ ნაბიჯებს ეკონომიკის სფეროში, მხედველობაში მაქვს ის სანქციები, რომლებიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი, არამედ ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით თავს აგრესიული გამონათქვამების უფლებას აძლევენ“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის სახელმწიფოს ლიდერმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს არალეგიტიმური უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასის რესპუბლიკების ხელმძღვანელების მხრიდან დახმარების თხოვნაზე საპასუხოდ 24 თებერვალს დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს, მიზანია „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ აყენებენ დარტყმებს ქალაქებს, არამედ მწყობრიდან გამოჰყავთ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ამიტომ სამოქალაქო მოსახლეობას არაფერი ემუქრება.