თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.
საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთი 24 თებერვლიდან უკრაინაში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.
წყარო - საქართველოს მთავრობა