თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. მოლდოვაში საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ვებგვერდი ამუშავდა და ხელმისაწვდომია ახალ მისამართზე, იუწყება РИА Новости.
Sputnik-მოლდოვის რედაქციამ ადრე განაცხადა, რომ მათ მიიღეს შეტყობინება რესპუბლიკის ხელისუფლებისგან ვებგვერდის დაბლოკვის შესახებ 26 თებერვლიდან, რადიომაუწყებლობის - 7 მარტიდან.
„Sputnik-მოლდოვის ვებგვერდები კვლავ მუშაობს და ხელმისაწვდომია ახალ მისამართებზე. დღეს მოლდოვის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სააგენტოს ვებგვერდი 26 თებერვლიდან მუშაობას შეწყვეტს „ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილების გამო". მაგრამ ასე მარტივად ეს არ გამოვა“, - განაცხადეს სააგენტოს რედაქციაში Telegram-არხზე.
სააგენტოს ვებგვერდი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე: ru.md.sputniknews.com, md.sputniknews.com, ro.md.sputniknews.com. კავშირზეა ასევე სააგენტოს Telegram-არხი.
24 თებერვალს მოლდოვის პარლამენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების და მოლდოვის უსაფრთხოების გამო 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ პროვაიდერებს მოეთხოვებათ დაბლოკონ წვდომა საიტებზე, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთი 24 თებერვლიდან უკრაინაში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.