„ვითიბი ბანკი“: სანქციების გამო კლიენტები საქართველოში არ დაზარალდებიან

ბანკმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებისთვის მზად იყო.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. რუსული VTB (ВТБ) ბანკის შვილობილი საქართველოში არწმუნებს თავის კლიენტებს, რომ ისინი დასავლეთის მხრიდან რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებული სანქციებისგან არ დაზარალდებიან.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. მიმდინარე წლის 24 თებერვლის დილის 6 საათზე რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკები Sberbank, VTB, Sovcombank, Novikombank, Otkritie Bank, Promsvyazbank დასავლეთის სახელმწიფოების სანქციების ქვეშ მოექცა.

„დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან (სებ) შემუშავებული იყო მოქმედებების გეგმა სანქციების შემთხვევაში. ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში სებ-ი მზად არის უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით.
სანქციები ხელს არ შეუშლის VTB ბანკის მუშაობას საქართველოში - საქართველოს ეროვნული ბანკი>>
„ვითიბი“ ბანკი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია და, საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით, ბანკებს შორის მესამე ადგილი უკავია. ბანკი დამოუკიდებელი იურიდიული პირია როგორც ფინანსური, ისე იურიდიული თვალსაზრისით.
ბანკს გააჩნია 410 მლნ ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატება 110 მლნ ლარის სუბორდინირებული სესხები სათავო ბანკიდან და, შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები. მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტებთან, 1 თებერვლის მდგომარეობით, აღემატება 135%-ს, რომელიც თანხობრივად 565 მლნ ლარს შეადგენს.