თბილისში ჯანსუღ კახიძის ხსოვნის საღამო გაიმართება

კახიძე გარდაიცვალა 2002 წლის 7 მარტს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე 7 მარტს ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
საღამოზე თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ჯანსუღ კახიძის ვაჟის ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შეასრულებენ მოცარტის, მალერის, ბრამსისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
სოლისტები იქნებიან თინათინ მამულაშვილი (სოპრანო), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრატენორი) და ირაკლი მუჯირი (ბარიტონი).
ჯანსუღ კახიძე
ჯანსუღ კახიძე დაიბადა 1936 წელს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, 1963 წელს – ასპირანტურა საოპერო და სიმფონიური დირიჟორობის განხრით. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან.
ჯანსუღ კახიძე
სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგუნდო კაპელის და თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1971-1973 წლებში ხელმძღვანელობდა ოპერის თეატრს ლოძში (პოლონეთი). 1993 წელს დააარსა თბილისის ახალი სიმფონიური ორკესტრი და იყო მისი უცვლელი ხელმძღვანელი.
ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის მუსიკა უამრავი კინოფილმისთვის; შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა გია ყანჩელთან – კახიძემ შეასრულა და ჩაწერა კომპოზიტორის ყველა სიმფონია. კახიძე გამოდიოდა საზღვარგარეთ: დირიჟორობდა ბავარიის რადიოს ორკესტრს, ლონდონის, ვაშინგტონის, ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის სიმფონიურ ორკესტრებს, ასევე მილანის „ლა სკალას“ ორკესტრს. მისი სადირიჟორო ჯოხი ინახება ბუსეტოში, ჯუზეპე ვერდის სახლ-მუზეუმში.
როგორ იქცა სასიდედროს მიერ დაწუნებული სასიძო გენიალურ მაესტროდ>>>
კახიძე გარდაიცვალა 2002 წლის 7 მარტს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს ხელმძღვანელობს მუსიკოსის ვაჟი, ასევე დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე.