საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს – პრემიერი

საქართველო გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში არ მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან მიმართებით შეზღუდვის ზომების ახალი პაკეტი დააწესონ. ეს უკრაინაში გამწვავებულ ვითარებას უკავშირდება.

„საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას", – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელებს „მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით".
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა“.
რუსეთის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.