მსოფლიო დღეს

ევროკომისიის თავმჯდომარე: კრემლს პასუხს ვაგებინებთ

Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი − Sputnik. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო რუსული ჯარების დონბასში შეყვანა და ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო სპეცოპერაციას უკრაინაზე თავდასხმა უწოდა.
ამასთან ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ „კრემლს პასუხისგება მოუწევს“.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ მძიმე საათებში ჩვენ ვფიქრობთ უკრაინაზე, უდანაშაულო ქალებზე, მამაკაცებსა და ბავშვებზე, რომლებიც არაპროვოცირებულ თავდასხმას ეჯახებიან და სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ კრემლს“, − დაწერა ევროკომისიის თავმჯდომარემ საკუთარ Twitter-ზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, დილით გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება. მისი თქმით, რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია“. ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება. ამ დროისათვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.