თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
თანამშრომლობა ორ უწყებას შორის მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურების გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ხარისხის ამაღლებას ითვალისწინებს.
„შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის ზრდას კომუნიკაციების კომისიისა და სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ სექტორებში – როგორც მაუწყებლობასა და ელექტრონულ კომუნიკაციებში, ასევე ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში“, – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეთანხმებას ხელი სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ მოაწერეს.
კომუნიკაციების კომისიის, სემეკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების თანამშრომლობის შედეგად უკვე შექმნილია სოციალური პროექტი – *303#, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება მარტივად შეუძლიათ.
კერძოდ, მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფის შედეგად მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ან სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, გადაამოწმონ დარიცხვა.
*303# კოდით მომსახურება უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. სერვისით მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.